ვაქცინაციაზე 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა, არის ეჭვი, რომ ადამიანების ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და აუქმებს - გამყრელიძე 

03 აგვისტო 2021, 12:34 3349 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ჯავშნების გაუქმების მიზეზებს კი აიტისამსახურები სწავლობენ.. 

ამირან გამყრელიძის თქმით, არის ეჭვი რომ მოქალაქეების ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და აუქმებს.

''დღეს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი, 523 000 აცრაა ქვეყანაში ჩატარებული. აქედან სრულად, ანუ ორჯერადად აცრილია 165 000 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5.8%-ს შეადგენს.

გუშინ 24 საათში გვქონდა 16 677 აცრა. მნიშვნელოვანი მიგნებაა ბოლო ორი დღის  ის, რომ გუშინ გვქონდა ჩვენ 19 000 ჯავშანი და დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა ან არ ჩაიტარა აცრა.

ამიტომ, აიტი სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ,  გაუქმების მიზეზები რა იყო. ესეც მნიშვნელოვანია, რადგანაც შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს.

თუმცა, არის მეორე, რომ რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, შეიძლება, ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. ან ჰქონდა მესამე მიზეზი, რომ დაჯავშნული ჰქონდათ მაგალითად „სინოფარმზე“ და შემდეგ ამოეწერნენ, გადაჯავშნეს „ფაიზერზე“. დღევანდელი დილის მონაცემებით, 4 700 ადგილია თავისუფალი „ფაიზერზე“, ძორითადად რეგიონებში, „ასტრაზენეკაზე“ – 17 791, „სინოფარმზე“ – 79 523, „სინოვაკზე“ – 73 749“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ბევრი ჯავშანი გაუქმდა ''ფაიზერზე'' რაც კითხვებს აჩენს. 

''გასაკვირვებლად მეტი ადგილი არის გაუქმებული.  მესმის შეიძლება ეს იყოს იმით გამოწვეული, რომ ვიღაცას ''ფაიზერი'' უფრო მოეწონა და ''სინოფარმი'' გააუქმა, მაგარამ ''ფაიზერზე'' ერთი იმდენი, რომ არის გაუქმებული  რა თქმა უნდა ეს უკვე ეჭვებს ამძაფრებს. ხომ არ ხდება ხელოვნურად სისტემის გადატვირთვა.

ფაქტი ერთია - ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა და არ გამოცხადდა. არ მესმის, ეს შიშს როგორ უნდა დააბრალო, რომ ბოლო მომენტში გადაიფიქრო. თუ ადამიანებმა აცრის გაკეთება გადაწყვიტეს, გაუგებარია ეს როგორ მოხდა'' - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში