IRI-ის და NDI-ის  კვლევები არავითარ ნდობას არ იმსახურებს, რადგან სამუშაოები ტარდება „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ - პრემიერი

03 აგვისტო 2021, 15:21 1082 ნახვა

ჩვენ არასდროს არ ვენდობოდით „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევით ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე. 

"ჩვენ არასდროს ვენდობოდით „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე.

ჩვენ პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ადგილზე ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც საველე სამუშაოებს ატარებენ, არიან უშუალოდ მართული და კონტროლირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.

არც IRI-ის და არც NDI-ის კვლევები ნდობას არ იმსახურებს, ვინაიდან მათ მიერ დაკვეთილი და შესრულებული სამუშაოები ტარდება „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ.

ყველაზე მთავარი კვლევა ეს არის არჩევნების დღე, რომელიც იქნება 2 ოქტომბერს. ყველას მოგიწოდებთ, მოხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი. შესაბამისად, ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, თუ როგორ განვითარდება შემდგომი წლები ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებაზე.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის", (IRI) კვლევის თანახმად, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში