სამწუხარო სპეკულაციაა, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში - საგარეო საქმეთა სამინისტრო

04 აგვისტო 2021, 11:30 892 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ესტონეთსა და ლატვიაში 8-9 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს სამწუხარო სპეკულაციაა.

„მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებში მაღალი დონის ვიზიტებზე (პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა) საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის ბუნებრივია ბალტიის სახელმწიფოებში, რომლებიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და მეგობრები არიან.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერი-მინისტრის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, ეს გახლავთ სამწუხარო სპეკულაცია თემაზე, რადგან აღნიშნულ თარიღებში ვიზიტი ბუნებრივია ვერ დაიგეგმებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლავთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის.

ზოგადად, არსებული პრაქტიკით, მაღალი დონის ვიზიტების შესახებ საზოგადობას ეცნობება, ვიზიტის დაგეგმვის პროცესში მხარეებს შორის თარიღის შეთანხმების შემდგომ“, – აცხადებენ სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში