ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელია

04 აგვისტო 2021, 16:33 1887 ნახვა

ქ​ართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ლაშამ თავის პირად ტიტულებს მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი შემატა.

ტალახაძემ ატაცში პირველ მისვლაზე 208 კილოგრამი დააფიქსირა და ამით უკვე კონკურენტებს 8 კგ-ით აჯობა.

მეორე მისვლაზე ლაშამ 215 დაძლია, ხოლო მესამე მისვლაზე 223 კილოგრამი უპრობლემოდ დააფიქსირა და თავისივე მსოფლიო რეკორდი 1 კგ-ით გააუმჯობესა და პირველ დისტანციაში უახლოეს კონკურენტს 23 კილოგრამით აჯობა.

ქართველმა მძიმეწონიანმა აკვრაში პირველ მისვლაზე 245 კილოგრამი ასწია და პირველივეზე ოფიციალურად დაისაკუთრა ოქროს მედალი.

მეორე მისვლაზე 255 კილოგრამს გაართვა თავი და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. მესამე მისვლაზე კი ლაშამ 265 კგ. დააფიქსირა და  თავისივე მსოფლიო რეკორდი კვლავ გააუმჯობესა.

ორჭიდის ჯამში ტალახაძეს 488 კილოგრამი დაუგროვდა რითაც თავისვე მსოფლიო რეკორდი 3 კილოგრამით გააუმჯობესა.

ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების 2-გზის, მსოფლიოს 4-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონია.

ამ დროისათვის საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ოქროს მედლები: ლაშა ბექაური (ძიუდო) ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)

ვერცხლის მედლები : ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო) ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) გურამ თუშიშვილი (ძიუდო) იაკობ ქაჯაია ( ბერძნულ-რომაული ჭიდაობა )

ბრინჯაოს მედალი: ანტონ პლესნოი (ძალოსნობა).

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია მედლების ხარისხობრივ რეიტინგში მსოფლიოს 205 დელეგაციას შორის 23-ე ადგილს იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში