ვაქცინის დაჯავშნულ ვიზიტებზე არ გამოცხადების მაჩვენებელი მაღალია, მიზეზებს ვსწავლობთ - გაბუნია 

04 აგვისტო 2021, 15:44 766 ნახვა

საკითხს სწავლობს სხვადასხვა უწყება იმისათვის, რომ გამოვლინდეს რა მიზეზი შეიძლება ჰქონოდა მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირდა, შემდეგ კი არ გააუქმა ჯავშანი, უბრალოდ არ გამოცხადდა - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. 

თამარ გაბუნია ამბობს, რომ დოზები არ ''გაფუჭებულა'', თუმცა დაზარალდა ის მოქალაქე, რომელსაც რეგისტრაცია სურდა, ადგილი კი დაკავებული იყო. 

''დაჯავშნულ ვიზიტებზე არ გამოცხადება არის ყოველდღიურად და საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთი ციფრი, რომელიც  დასახელდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ იყო 3000. რაც არის სერიოზული ბარიერი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ცდილობდა დარეგისტრირებას და ადგილი აღარ დარჩა.

ამ კვირაში ვნახოთ მონაცემები, დღეს, ხვალ, ზეგ როგორ მოხდება აცრებზე მოსვლა და  შემდეგ ამის მიხედვით ბუნებრივია რეაგირება დასჭირდება, რადგან სეროზული დანაკარგია სისტემისთვის. დოზები არ გაფუჭდა, უბრალოდ მოქალაქემ ვერ დაჯავშნა, ვიღაცამ დაიკავა მისი ადგილი, ვისაც რეალურად უნდოდა. მაგალითად ჩვენ შეგვეძლო 3000 ადამიანით მეტი აგვეცრა გუშინ წინ.

ეს ქმედება, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. არ ვიცი, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში, ეს უნდა შეფასდეს და შესაფერისი დასკვნა ამასთან დაკავშირებით გავაკეთოთ, არის ეს ანტივაქსერული ჩარევა, არის ეს უბრალოდ სპონტანურად, რომ ადამიანი დარეგისტრირდა, შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება, აღარ მივიდა და უბრალოდ ჯავშანი არ გააუქმა თუ რაღაც სხვა მიზეზია. ამაზე, რა თქმა უნდა, მეტი ინფორმაცია გვჭირდება, სანამ რამე დასკვნას გავაკეთებთ, თუმცა ანტივაქსერული ნიშნები არის სოციალური ქსელში,  აშკარა აქტივობაა ამ მიმართულებით. რაც მეტად წინ წავა ვაქცინაციის კამპანია და წარმატებული იქნება, მით მეტად გააქტიურდება ანტივაქსერული მოქმედებაც, ამიტომ ყველა მხრიდან საჭიროა მობილიზება იმისთვის, რომ საპასუხო რეაგირება გვქონდეს. თუ იქნება დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, ჩაერთვება შესაბამისი უწყებები,“- განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში