ჯანდაცვის სექტორში საწოლფონდთან მიმართებაში უკვე გარკვეულ ზღვარზე ვართ - ეკატერინე ტიკარაძე

06 აგვისტო 2021, 12:16 1305 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორი საწოლფონდთან მიმართებით უკვე გარკვეულ ზღვარზეა.

„რეალურად ჯანდაცვის სექტორში საწოლფონდთან მიმართებაში ვართ უკვე გარკვეულ ზღვარზე. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ყოველდღიურად თუმცა, რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწადნახევარზე მეტია, ამ რეჟიმში მუშაობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დაუდგებიან გვერდში როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმს და შესაბამისად, თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერები არიან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ჯერჯერობით კოვიდ სასტუმროებში ინფიცირებულთა მისაღებად საკმარისი რაოდენობის ადგილია.

„რაც შეეხება სასტუმროებს, აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან, კერძოდ, ტურიზმის დეპარტამენტთან და მათი მხრიდან ხდება მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში სასტუმრო ოთახების მობილიზება. ამ ეტაპისთვის ჩვენ ჯერ გაგვაჩნია საკმარისი ოთახები სასტუმროებში, თუმცა, მათი მხრიდან დამატებითი სამუშაოები დავალების სახით კიდევ სრულდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში