ბათუმის სამშობიარო სახლში 31 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს

06 აგვისტო 2021, 17:17 6080 ნახვა

ბათუმის სამშობიარო სახლში 31 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის განცხადებით, გუშინ კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტი შეიყვანეს, რომელიც მალევე თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან აქ ფეხმძიმე კოვიდინფიცირებულების რეანიმაცია არ არის. 

რაც შეეხება სხვა ორსულების მდგომარეობას, ყველა მათგანი საშუალო სიმძიმისაა. 

''აქ მძიმე პაციენტები არ გვყავს, მხოლოდ ერთი იყო, ჰქონდა ქოშინი და  გამოხატული სუნთქვის უკმარისობა. ჩვენ მხოლოდ მეორე დონის თერაპიულ პაციენტებს ვმკურნალობთ, ამიტომ ორსული გადავიყვანეთ დედაქალაქში. უმრავლესობას დროგამოშვებით ჟანგბადის მიწოდება სჭირდება'' - ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი.

ნუგზარ პაპავას თქმით, გუშინ ერთმა პაციენტმა იმშობიარა. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. ახალშობილის კორონავირუსზე ტესტს დღეს გაუკეთებენ.

სამშობიარო სახლის დირექტორი ამბობს, რომ ისინი ინფიცირების წყაროებს არ იკვლევენ, თუმცა ერთ-ერთ ქალს, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა რამდენიმე დღის წინ ქორწილი ჰქონდა. 

ორსულების ნაწილი კი ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ქორწილში ან დაბადების დღეზე იყო. 

''თვითონ კი ამბობენ, მაგრამ ეს ყველაფერი ვარაუდია, დადასტურებული არ არის. ორსულების სიტყვიერი მონათხრობით ვიცით, რომ შეკრებებზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი პატარძალია, ის თავს კარგად გრძნობს'' - უთხრა მაუწყებელს სამშობიარო სახლის დირექტორმა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში