ნინოწმინდის პანსიონს არასრულწლოვანთა აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ინსპექტორის სამსახური

09 აგვისტო 2021, 10:34 1194 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების, სოციალურ ქსელ „Facebook“-ის საშუალებით, გასაჯაროების კანონიერება შეისწავლა.

შემოწმებით დადგინდა, რომ 2021 წლის 4 ივნისს პანსიონატის ხელმძღვანელმა თავის პირად „Facebook“ გვერდზე ე.წ. „პირდაპირ ეთერში“ საჯაროდ განათავსა რამდენიმე აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლებშიც ასახული იყვნენ პანსიონატის არასრულწლოვანი ბენეფიციარები. ჩანაწერები სრულად იძლეოდა არასრულწლოვნების იდენტიფიცირების საშუალებას.

მათი ცნობით,  ჩანაწერებში საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო არასრულწლოვნების სხვადასხვა მონაცემები: სახელი, გვარი, ვიზუალური გამოსახულება, ხმა, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ინფორმაცია პანსიონატის მზრუნველობის ქვეშ ბავშვის ყოფნისა და არსებული/სასურველი საცხოვრებელი ადგილ(ებ)ის შესახებ, მათი ახლო ნათესავების ვინაობა და ტელეფონის ნომრები.

''აუდიო-ვიდეო ჩანაწერებმა, რომლებიც სოციალურ ქსელ „Facebook“-ში საჯაროდ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული, დააგროვა ათი ათასობით ნახვა, ასეულობით კომენტარი და ათასობით რეაქცია. ამავდროულად, სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე საკუთარი აზრის დაფიქსირების, ამ ჩანაწერების საკუთარ გვერდზე გაზიარებისა და გადაწერის შესაძლებლობა.

სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პანსიონატის მიერ ბენეფიციარების მონაცემთა ამ ფორმით გასაჯაროება არღვევს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ლახავს მათ ღირსებას და ქმნის არასრულწლოვანთა ჩაგვრის, ე.წ. „ბულინგის“ (მათ შორის კიბერბულინგის), დისკრიმინაციის, ონლაინადევნების, მსხვერპლად გახდომის, მათდამი არასათანადო მოპყრობისა და სხვის მიერ ბავშვების პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გამოყენების რეალურ საფრთხეს. ეს საფრთხეები კიდევ უფრო იზრდება ინფორმაციის სოციალური მედიით გასაჯაროებისას, რომლის საშუალებით ინფორმაციის გავრცელების მასშტაბები ძალიან დიდი და შეუქცევადია. 2021 წლის მაისი-ივნისის თვეებში პანსიონატის გარშემო განვითარებული მოვლენებისა და იქ მცხოვრები ბენეფიციარების უფლებრივი მდგომარეობის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო. ზოგიერთ შემთხვევაში, საჯარო განცხადების სახით გასაჯაროებული (მათ შორის, პერსონალური მონაცემების შემცველი) ინფორმაცია შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ინტერესების დაცვის კანონიერ და პროპორციულ საშუალებად, თუმცა ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა სხვა დანარჩენ ინტერესებთან შედარებით, აღიარებულია როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით. შესაბამისად, პანსიონატის წარმომადგენელს, რომლის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა ბავშვების უფლებების დაცვა და განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა არასრულწლოვანთა საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობის დაცვაში, უნდა შეეფასებინა ზემოაღნიშნული საფრთხეები'' - წერია განცხადებაში. 

ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, შემოწმების პროცესში პანსიონატმა არ ითანამშრომლა სახელწიფო ინსპექტორის სამსახურთან. კერძოდ, სამსახურს არ მოაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია.

''ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატს არასრულწლოვანთა მონაცემების არაპროპორციული მოცულობით გასაჯაროებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 53-ე მუხლების პირველი პუნქტების საფუძველზე, დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა'' - აცხადებენ უწყებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში