გუშინ საღამოს მონაცემებით რეგიონის კოვიდკლინიკებში 60 ადგილი იყო თავისუფალი - ნონა ეფაძე 

10 აგვისტო 2021, 15:24 734 ნახვა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის განცხადებით, აჭარაში ეპიდვითარება დაძაბულია და ამას ინფიცირებულთა რიცხვიც აჩვენებს. 

ნონა ეფაძის თქმით, გუშინ საღამოს მონაცემებით რეგიონის კოვიდკლინიკებში 60 ადგილი იყო თავისუფალი, თუმცა მისივე განმარტებით, გაწერილი პაციენტების ხარჯზე ადგილები თავისუფლდება. საწოლფონდის დამატებაზე კი მუშაობენ. 

''​პაციენტთა აქტიური შემთხვევების 15% კლინიკაშია მოთავსებული. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს 60-62  ადგილი იყო თავისუფალი. დეტალებს ვერ გეტყვით რომელ კლინიკაში რამდენი იყო. საწოლფონდის გაზრდა მიმდინარეობს, თუმცა არაერთხელ ითქვა, რომ ყველაფრის რესურსი ამოწურვადია. ეს არ ნიშნავს რომ ამ საკითხზე მუშაობა არ მიმდინარეობს.  ეს რიცხვი გაწერილი მოქალაქეების შემდეგ იცვლება. თავისუფალი საწოლების რაოდენობა რა თქმა უნდა შემცირებულია, მაგრამ პარალელურად მიმდინარეობს საწოლფონდის გაზრდა'' - განაცხადა ეფაძემ. 

დღეს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ფოტო, სადაც ჩანს, რომ კოვიდპაციენტები დერეფნებში ჰყავთ მოთავსებული.  

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა, განაცხადა, რომ სავარაუდოდ ეს დროებითი დაყოვნებისთვის იყო. 

''იმ კადრებს რაც შეეხება, სამწუხაროდ არა გვაქვს დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში თვალის მიდევნების საშუალება, მაგრამ როგორც გადმომცეს, შესაძლოა, ეს იყო პაციენტის დროებითი დაყოვნება საწოლების გათავისუფლებამდე კონკრეტულ კლინიკაში'' - ამბობს ნონა ეფაძე. 

მისივე განცხადებით, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად კვირაში ორი ან სამი კოვიდსასტუმრო ემატება. 

რაც შეეხება რიგებს კლინიკებთან. ნონა ეფაძე მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს კორონავრუსზე ტესტირება ჩაიტარონ იმ შემთხვევაში თუ სიმპტომები აქვთ, ან არიან რისკ ჯგუფში. 

''არის დიდი რიგები ეს ვიცით. კლინიკები ცდილობენ რიგის დარეგულირებას. არავინ იცის სიმპტომიანიდან ვინ არის კოვიდიანი და გამავრცელებელი. თხოვნაა მხოლოდ კონტაქტში ყოფნის გამო ყოველ დღე ტესტირებაზე სიარული არის სისტემისთვის გადამტვირთავი. თუ კოვიდ დადასტურებულთან კონტაქტშია პირი უნდა იყოს იზოლაციაში და მხოლოდ სიმპტომების შემთხვევაში მიმართოს. თუ ადამიანი გაიტესტება დღეს და სიმპტომი ზეგ გამოუვლინდება, სამი დღის განმავლობაში ვერც ერთი კლინიკა ხელახალ ტესტს ვერ აუღებს. ასევე მოგმართავთ თხოვნით, სანამ ტესტის შედეგს არ გაიგებენ ოჯახის წევრებთანაც კი, არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი'' - განაცხადა ეფაძემ. 

რეგიონში გუშინ 6 000-მდე ტესტი ჩატარდა და დადებითობის მაჩვენებელი 11,4%. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში