13 წლის წინ იმ დროინდელმა, პრეზიდენტად წოდებულმა სიმხდალის არნახული მაგალითი გვაჩვენა - ირაკლი ღარიბაშვილი

11 აგვისტო 2021, 11:31 1186 ნახვა

მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში „ქართული ოცნების“ წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დღეს 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა და კერძოდ, 17-მა შინდისელმა გმირმა გმირულად თავი გაწირა ჩვენი სამშობლოსთვის. მე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ეს დღე მართლაც ტრაგიკული დღეა. თუმცა გვახსენებს იმას, რომ ჩვენ გმირების ქვეყანა ვართ. გმირების, რომლებმაც დაგვიტოვეს მაგალითი. დაუტოვეს მაგალითი ჩვენს თაობას, ჩვენს შვილებს, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ სამშობლოს. შინდისის გმირებმა საკუთარი გმირობით დაგვიტოვეს მაგალითი იმისა, რომ სიცოცხლე არაფრად არ ღირს, მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის დაცვას.

ამ დღეს სიმბოლურია, რომ თავდაცვის ძალების და მთავრობის შუამდგომლობით, ინიციატივით, ჩვენ მივმართეთ ქალბატონ პრეზიდენტს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დღეს, ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ალექსანდრე ონიანმა ბრძოლის ბოლო წუთებში თავი გმირულად აიფეთქა. ამით აჩვენა სიმამაცის უმაღლესი მწვერვალი. უდიდესი მაგალითი გვაჩვენა თავგანწირვის და თავდადების. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება – აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც დაიკარგა ტერიტორიების 20%.

„ჩვენი ტრაგედიაა ასევე ის, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთის მხრივ, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს  მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, მსოფლოს, თუ როგორ უნდა შეეჭიდო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიას მსოფლიოში, რუსეთის არმიას, თავი გაწირო შენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ამ დროს ტრაგედიაა და სირცხვილია ჩვენი, იმავე დღეს, 11 აგვისტოს, 13 წლის წინ, იმ დროინდელმა პრეზიდენტად წოდებულმა მთავარსარდალმა გვაჩვენა სიმხდალის არნახული მაგალითი.

ბრძოლის ველიდან გაქცეული და მიწაზე გართხმული მთავარსარდალი. ეს არის ჩვენი ტრაგედია, ეს არის ჩვენი ეროვნული ტკივილი. მაგრამ ეს იყო რეალობა, რეალობა ისაა, რომ ასეთი მხდალი, ლაჩარი ადამიანი მართავდა ჩვენს ქვეყანას. შემთხვევით არაფერი ხდება. სწორედ მის დროს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება – აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20%''-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში