თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების საჭიროება დადგეს

11 აგვისტო 2021, 12:42 1323 ნახვა

თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების იგივე ტენდენცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება, საუბარი მიდის იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს.

„8000 არის ჩვენი მაქსიმუმი. საწოლფონდის ის რაოდენობაა, რაც შეგვიძლია გამოვყოთ ჰოსპიტალური სექტორიდან. ამას კიდევ დაემატება სასტუმროების რაოდენობაც. დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია, წინასწარ ვარაუდის დონეზე იქნება, მაგრამ მომდევნო დღე ამის სურათს აქტიურად წარმოაჩენს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, 7500-მდე საწოლი იქნება მობილიზებული მიმდინარე 2-3 დღის განმავლობაში.

"ყველდღიურად ემატება საწოლების რაოდენობა. ჯერჯერობით საწოლების დატვირთვა და პაციენტების მოთავსება გაწერების ხარჯზე ხდება. ამის რესურსი არსებობს, საწოლბრუნვა იძლევა იმის საშუალებას, რომ მძიმე პაციენტი ჰოსპიტალს მიღმა არ დარჩეს"- განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში