მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად უმუშევრობა, სიღარიბე და ფასების ზრდა სახელდება - NDI-ის კვლევა

12 აგვისტო 2021, 13:39 1192 ნახვა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას კვლავ აწუხებს ეკონომიკისა და ჯანდაცვის პრობლემები.

უმრავლესობა, 68 პროცენტი ამბობს, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის პროდუქტის, სურსათისა და სერვისის შეძენის ფინანსური საშუალება აქვს. გარდა ამისა, მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ მათ ან სამსახური დაკარგეს 8 პროცენტი, შემოსავალი/ხელფასი შეუმცირდათ 13 პროცენტი.

გამოკითხულთა 42 პროცენტი ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემად ფასების ზრდასა და ინფლაციას ასახელებს. 19 პროცენტისთვის ყველაზე დიდი პრობლემა სიღარიბეა. ლარის გაუფასურებას ასახელებს 17 პროცენტი, 16 პროცენტისთვის კი, პრობლემა დაბალი ხელფასებია. გამოკითხულთა 12 პროცენტი ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემად მაღალ გადასახადებს ასახელებს. 10 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ პრობლემას წარმოადგენს კორონავირუსი.

მოსახლეობის ყველაზე დიდი ჯგუფი ამბობს, რომ კვლავ უმუშევარია. მოქალაქეების 42 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებაში ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის.

კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში