ბოლო 72 საათში 23 ობიექტი დაჯარიმდა, 8 კი დაილუქა - ბექა ფერაძე

12 აგვისტო 2021, 20:08 1951 ნახვა

ბოლო 72 საათის განმავლობაში, შრომის ინსპექციის მიერ, შემოწმდა ასობით ობიექტი, რომელთაგან დაჯარიმდა 23 ობიექტი, მათ შორის 11 არის იურიდიული და 12 ფიზიკური პირი, 8 ობიექტი კი დაილუქა, - ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მონიტორინგის შედეგად, რამდენიმე ობიექტი დაილუქა, რადგან ისინი აკრძალვის მიუხედავად, მაინც აგრძელებდნენ საქმიანობას. 

"ბოლო 72 საათის განმავლობაში, შრომის ინსპექციის მიერ, სხვადასხვა მარეგულირებელ უწყებებთან ერთად, შემოწმებულია რამდენიმე ასეული ობიექტი, რომელთაგან დაჯარიმდა 23 ობიექტი, მათ შორის 11 არის იურიდიული და 12 ფიზიკური პირი. განმეორებით სამართალდარღვევის ჩადენისთვის ისევე, როგორც კრიტიკული შეუსაბამობის დადგენისთვის, დაილუქა 8 ობიექტი.

გარდა იმისა, რომ ჩვენ განვახორციელეთ მკაცრი მონიტორინგი, პრევენციულად შევხვდით სხვადასხვა ღამის კლუბებს, მათთან გვქონდა აქტიური კომუნიკაცია, მოწოდება, გაფრთხილება, რის შემდგომაც, ბევრმა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტათ ის მასობრივი ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილი იყო და საფრთხეს უქმნიდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ისევე როგორც ეკონომიკურ მდგრადობას.

ბევრმა მათგანმა უკვე გააკეთა განაცხადი, რომ აუქმებდნენ ღონისძიებას და მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს ასეთი ჩართულობისთვის“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში