აჭარის მაუწყებელი დღევანდელი საფეხბურთო მატჩის ტრანსლირებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

12 აგვისტო 2021, 21:27 6547 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, დღევანდელი ბათუმის "დინამოს" და "სივასპორის" მატჩის ტრანსლირებასთან დაკავშირებით, მაყურებლისთვის განმარტებას აკეთებს. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 22 საათზე, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სივასში, გაიმართება ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თურქულ „სივასსპორს“ და ბათუმის „დინამოს“ შორის, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.

გვინდა შეგახსენოთ, რომ ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) მოქმედი რეგულაციები და ტრანსლირებასთან დაკავშირებული სხვა შეთანხმებები, მაუწყებელს უზღუდავს მატჩის ჩვენების უფლებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, არ მოხდება თამაშის პირდაპირი ეთერის ტრანსლირება სოციალური ქსელებით და მატჩის ნახვას ვერ შეძლებენ ონლაინ სამაუწყებლო პლატფორმების და სატელევიზიო სიგნალის გლობალური გავრცელების სხვა საშუალებების ის მომხმარებლები, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ.

ქვეყნის მასშტაბით, მატჩის ნახვა, შესაძლებელია შეუზღუდავად, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ციფრული სიგნალით, ასევე ყველა იმ საკაბელო პროვაიდერის და ონლაინ სამაუწყებლო პლატფორმების  გამოყენებით, რომელთა ჩამონათვალშიც აჭარის ტელევიზია იძებნება. ასე, რომ გვიყურეთ და უგულშემატკივრეთ ბათუმის „დინამოს“, კლუბისთვის ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში" - აღნიშნულია აჭარის მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში