ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას, შესაბამისად, ჩვენ გვინდა, თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს - პრემიერი

13 აგვისტო 2021, 14:49 1173 ნახვა

პრემიერის განცხადებით, ვაქცინაციას სჭირდება მართვა და მთავრობას სჭირდება გვერდში დგომა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ 2-3 თვე არ გადაიხადონ ქორწილები და ქელეხები, რადგან სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ვირუსის მთავარი გამავრცელებელი.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ  აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო და არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს.

„აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო, არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს აღნიშნულ აცრას.

ამერიკის შეერთებული შტატებია ყველაზე ძლიერი ქვეყანა და სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს „ფაიზერის“ ვაქცინას და გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა, საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს.

ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ, ამისგან თავის დაზღვევის მიზნით, საჭირო არის ძალიან მარტივი აცრის ჩატარება.

გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინები და უნდა ავიცრათ ყველა, დავარწმუნოთ ჩვენი მშობლები, შვილები, ახლობლები, მეგობრები, რომ ყველა ავიცრათ. მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. მთავარი არგუმენტი, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. რამდენიმე ადამიანი ვიცი ჩემს ირგვლივ, ახლობლები, რომლებიც ძალიან ჯანმრთელები, გარდაიცვალნენ კოვიდის გამო. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ კოვიდს შეეძლო გამოეწვია მათი სიკვდილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა. ამიტომ, უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი თავი, ოჯახის წევრები, ახლობლები და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში