თბილისში  საველე ჰოსპიტალი 500 საწოლზე გაიშლება – ჯანდაცვის მინისტრი 

16 აგვისტო 2021, 13:12 1317 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 საწოლზე გაიშლება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საწოლების უმეტესი ნაწილი ჟანგბადით აღჭურვილი იქნება.

მინისტრის განმარტებით, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ საქართველოს არცერთ ქალაქში, საველე პირობებში პაციენტის მომსახურების საჭიროება არ დადგეს.

''დამონტაჟებულია ორი ხუთტონიანი ცისტერნა, რომლებიც აღნიშნულ საწოლებს ჟანგბადით მოამარაგებს. რაც  კოვიდის მართვის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ექიმებს, ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, მაგრამ ექიმთა მეტ წილს მიღებული აქვს განათლება მაშინ, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით. რაც შეეხება იმ ექიმებს, რომლებსაც გააჩნიათ სამხედრო წოდება, გეგმას არ წარმოადგენს, რომ ისინი იყვნენ გამოყვანილები და განაგრძონ საველე ჰოსპიტალებში მუშაობა. სხვა ექიმთა ჯგუფი მიიღებს პაციენტებს ამ სივრცეებში, რომლებსაც აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია და პაციენტებს გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელთაც აქვთ კარგი გამოცდილება მოხალისეების და მუდმივი თანამშრომლების კუთხით, მათთან ერთად პაციენტები მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას, რომელიც მათ ესაჭიროებათ.

თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რათა საველე ჰოსპიტალი გამოყენებულ იქნას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, პაციენტებისა და ექიმების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ ექიმების, რომლებიც უკვე ძალიან დიდი ხანია ჩართულები არიან ამ პროცესში და მათი გადატვირთულობის ზღვარი არის მაღალი, სწორედ მათი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტალის გამოყენება. უბრალოდ, ჩვენ განვახორციელეთ ყველაზე უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო დღეს უკვე მზად არის“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში