ბათუმის ''დინამოს'' ფან-კლუბი ''პირატები'' 10 წლისაა

17 აგვისტო 2021, 10:00 2392 ნახვა

10 წლის წინ, 2011 წლის 17 აგვისტოს, "დინამო" ბათუმს ორგანიზებულად მხარს უჭერდა და ქომაგობდა რამდენიმე ათეული ადამიანი. შემდეგ ჯგუფმა "შავი ზღვის პირატები" დაირქვეს და დღემდე ''დინამოს'' ყველა თამაშზე ტრიბუნიდან ამხნევებენ.

"ერთად დავბრუნდებით უმაღლესში", - ეს "მეკობრეების" პირველი ბანერი იყო. მართლაც, მალევე გუნდი ერთგულ გულშემატკივართან ერთად მაშინდელ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.

ფანკლუბს არსებობის მანძილზე ბევრი საინტერესო ამბავი გადახდენია. 2012 წლის 19 დეკემბერს, "დინამო" სტუმრად ,,მცხეთა პარკზე’’ ,,ვიტ ჯორჯიას’’ ესტუმრა. დიდი თოვლის გამო, საჭირო გახდა მოედნის საფარის გაწმენდა. სტადიონის პერსონალმა მინდორის გაწმენდა დაიწყო, თუმცა უხვი ნალექის გამო დიდი დრო სჭირდებოდა. საფრთხე შეიქმნა მატჩი გადადებულიყო. "შავი ზღვის პირატები", "ვიტელების" სტადიონის პერსონალს საფარის გაწმენდაში დაეხმარნენ და მატჩი ჩატარდა. ის შეხვედრა "დინამომ’" ფრედ 1:1 ითამაშა.

"შავი ზღვის მეკობრეებს" საშინაო თუ გასვლით შეხვედრებზე დასასწრებად დიდი მანძილის გავლა უწევდათ. ბათუმური კლუბი, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში, საშინაო მატჩებს ქობულეთში "ჩელე არენაზე"  ატარებდა.

2015 წელს კი, ,,დინამო’’ ვიცე-ჩემპიონი გახდა და ,,შავი ზღვის მეკობრეებმა’’ საყვარელ კლუბს პირველად უგულშემატკივრეს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

2016 წლის თებერვალში, თურქეთში ბათუმის ,,დინამო’’ შეკრებაზე გუნდი ახალი სეზონისთვის ემზადებოდა. პარალერულად საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებს ატარებდა. ,,პირატებმა'’ მატჩზე დასასწრებად 1500 კილომეტრი გაიარეს და საყვარელი კლუბი გაამხნევეს, ფეხბურთელებისთვის ერთგული გულშემატკივრის ბელეკში დანახვა ნამდვილი სიურპრიზი იყო.

2017 წლის 5 მაისს კი,10 წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმში დიდი ფეხბურთი დაბრუნდა და ,,დინამომ’’ ბათუმის ‘’რაგბი არენაზე’’ ითამაშა. ბათუმში დაბრუნების შემდეგ ფანკ-ლუბის წევრთა და კლუბის გულშემატკივართა რაოდენობა გაიზარდა. ამის შემდეგ იყო ''დინამოს'' ანგისის საწვრთნელი ბაზა, სადაც გუნდი საშინაო მატჩებს ატარებდა.

დღეს "შავი ზღვის მეკობრეები" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფანკლუბია. გულშემატკივრები გამოირჩევიან მათი რაოდენობით, შეძახილებით და ერთგულებით. ,,დინამოს’’ თამაშის გარდა ცალკე სანახაობად იქცა სტადიონზე ,,მეკობრეების’’ გულშემატივრობა - პიროშოუ და პერფრომანსი.

ასევე, აღსანიშნავია მათი კრეატიული მოზაიკები და ბანერები. გულშემატკივრობასთან ერთად კი ფანკლუბი ყოველი მატჩის დროს გმობს რუსულ აგრესია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მათ სექტორზე ხშირად შეხვდებით ანტისაოკუპაციო ბანერებს.

მიუხედავად პანდემიისა წელს ''პირატებმა'' საყვარელ გუნდს ახალი სტადიონიდანაც დაუჭირეს მხარი. ასეთ საფეხბურთო ატმოსფეროში თამაში კი როგორც ''დინამოსთვის'' ისევე მეტოქე გუნდისთვის დიდი სიამოვნებაა.

2 კვირის წინ ბათუმის ''დინამო'' კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაცო ეტაპზე თურქულ ''სივასპორს'' მასპინძლობდა. მატჩის ბილეთები რომელიც შეზღუდული რაოდენობით 10 000 ცალამდე იყო გამოტანილი რამდენიმე საათში გაიყიდა.

''პირატების'' პირველი ბანერის შემდეგ, რომელზეც "ერთად დავბრუნდებით უმაღლესში" ეწერა მიზნები უკვე შეცვლილია და გულშემატკივარს საქართველოს ჩემპიონობა სურს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში