კოვიდინფიცრებული ორსულებისთვის ონლაინკლინიკა ამოქმედდება - თამარ გაბუნია

20 აგვისტო 2021, 13:52 1025 ნახვა

ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც არის უკიდურესად საგანგაშო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ  განაცხადა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, დღეს დილით ჰქონდა შეხვედრა მეან-გინეკოლოგების ასოციაციების წარმომადგენლებთან და ინტენსიურად გაგრძელდება ორსულთა მეთვალყურეობის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებების კიდევ უფრო აქტიური ჩართვა, მათ შორის ორსულების ტესტირება.

მისივე თქმით, ორსული თუ სადმე მივა ნებისმიერი მიზეზით სამედიცინო გამოკვლევაზე, მნიშვნელოვანია, მას შევთავაზოთ კოვიდტესტირება.

"ვმუშაობთ, რომ ცალკე ონლაინკლინიკა გაკეთდეს სპეციალურად დაკომპლექტებული მეან-გინეკოლოგებით, რომლებიც ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს. დღევანდელ ონლაინკლინიკები ძირითად ოჯახის ექიმებით არის დაკომპლექტებული, მათაც შეუძლიათ ორსულის კონსულტირება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად ჩაითვალა, რომ მეტად სპეციალიზებული კონსულტაცია ჰქონდეთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით ორსულებში "ფაიზერით" ვაქცინაცია სრულიად უსაფრთხოა .

"რაც შეეხება ანტივაქსერულ განწყობის მიზეზი რამდენად ძლიერმოქმედია ორსულებთან მიმართებაში, ამაზე კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა არ არის გასაკვირი, რადგან ჯერჯერობით გამოცდილება ნაკლებია  და მონაცემები მწირია, ზოგიერთმა ექიმმა გარკვეული კითხვის ნიშნები დაუსვას ვაქცინაციის ჩატარება-არჩატარების საკითხს.

"ფაიზერით" ვაქცინაცია ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს და რაც სწრაფად გააკეთებს ამას უკეთესია"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში