დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

24 აგვისტო 2021, 09:59 1119 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძინა და მეორე დაკავებულთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით აჭარის ტერიტორიაზე გადაზიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „OSCAR“-ის და „MAC“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 11 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში