ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ 

26 აგვისტო 2021, 13:14 1362 ნახვა

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

პანკისში დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოთხოვნით დახურულ რეჟიმში გაიმართა.  პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე, იმ მოტივით, რომ საქმის მასალების ნაწილი ისედაც გასაჯაროვდა პროცესის დახურვის წინააღმდეგი იყო.

პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბრალდებით ხუთი პირი ორი დღის წინ დააკავეს.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულთა საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვიდეო და აუდიომასალა გაავრცელა.

გამოძიების ინფორმაციით, „საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.

''ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას" - აღნიშნულია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში