ჯერ-ჯერობით გარდაცვალების მაჩვენებლის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

26 აგვისტო 2021, 14:27 1282 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების მაჩვენებელი იქნება ძალიან ნელი, რადგან ვირუსი კვლავ ფართოდ ვრცელდება. 

თამარ გაბუნიას განმარტებით, კლინიკური სექტორი მაქსიმალური მობილიზაციით მუშაობს. მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით გარდაცვალების მაჩვენებლის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება

​''დღეს ახალი ინფიცირების შემთხვევები შედარებით დაბალი იყო. ეს გარკვეულწილად სტაბილიზაციის ნიშანია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პრევენციული ზომების დაცვა და ვაქცინაცია. ის, რომ ეს დონე შენარჩუნდება ამის მოლოდინი გვაქვს, მაგრამ კლება იქნება ძალიან ნელი, გამომდინარე იქედან რომ გავრცელება მაინც გრძელდება. გუშინ 26 000 იყო ვაქცინაცია, რაც ძალიან ცოტაა ამ პირობებში. მინდა მოქალაქეებს ვთხოვო აიცრან. 

რაც შეეხება გარდაცვალებას, ეს შემთხვევების მატებას მოყვება მოგვიანებით, დაახლოებით ორკვირიანი ინტერვალით. როდესაც ჩვენ გვქონდა შემთხვევების მარალი მაჩვენებელი ეს რა თქმა უნდა ის შემთხვევებია, რომელიც მძიმეა, იმყოფება ხანგრძლივ ჰოსპიტალურ მკურნალობაზე. საუბედუროდ ასეთ შემთხვევებში გამოსავალი ხშირად არაკეთილსაიმედოა.

რა კეთდება იმისათვის, რომ გარდაცვალების შემთხვევები იყოს მინიმალური. ეს არის ის ღონისძიებები, რომელიც აქამდეც იყო. რთული შემთხვევების ადრეული გამოვლენა და მათი ტრიაჟი შესაბამის კლინიკაში.  ასევე კლინიკური ჯგუფი ახორციელებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვიზიტებს ყველაზე მეტად დატვირთულ სამედიცინო ცენტრებში, სადაც მძიმე პაციენტები იმყოფებიან, რადგან კონსილიუმით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება და ეს გაგრძელდება. როგორც ვიცით დაავადებას ისედაც ბუნებრივად ახასიათებს მაღალი სიკვდილობა და ჩვენს შემთხვევაში ეს არის 1,03%'' - განაცხადა გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში