გაცილებით უფრო საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, ვიდრე არჩევნები - ეკატერინე ტიკარაძე 

27 აგვისტო 2021, 11:19 3665 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგულაციების დაცვით არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდება და საკითხზე ცესკოს-თან ერთად მუშაობენ. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გაცილებით უფრო საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, რომელიც იმართებოდა, რადგან ასეთ დროს ხდება ვირუსის გავრცელება.

''ცესკოს-თან ერთად აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ უფრო დეტალური გავხადოთ პროცესი, რომელიც არჩევნებს უსაფრთხოს გახდის. იმ პერიოდისთვის ველოდებით ეპიდემიოლოგიურად კლებას. მნიშვნელოვანი არის, რომ ცესკომ, ყველა მოქალაქემ და პარტიამ გაითვალისწინოს ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები. ამ შემთხვევაში არჩევნები ნამდვილად იქნება უსაფრთხო. 

წინასაარჩევნო კამპანიის ასევე რეგულაციებით ჩატარება არის სრულიად შესაძლებელი. მოვუწოდებ ყველა პარტიას, დაიცვან ჩვენი მითითებები, უფრო მეტად გააქტიურდნენ ზოგადად კოვიდის რეგულაციების აღსრულებასთან მიმართებაში, გააქტიურდნენ ასევე მოქალაქეებისთვის მოწოდებაში, რომ აუცილებლად დროულად უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია. ამისთვის სახელმწიფო და მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას ვაქცინაზე და დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ  ჩავატაროთ გამჭვირვალე და კოვიდუსაფრთხო არჩევნები'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში