იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4% ნაკლები იქნება, 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

31 აგვისტო 2021, 13:18 1358 ნახვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლება მხოლოდ იმ ქალაქში თუ სოფელში დაიწყება, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება.

მისივე თქმით, ყველა უნივერსიტეტს სწავლის დაწყების საკუთარი თარიღი გააჩნია და თავისი გრაფიკით აწარმოებს სასწავლო პროცესს, თუმცა 4 ოქტომბრამდე დაიწყებენ დისტანციურ ფორმატში და შემდეგ სიტუაციის მიხედვით.

"4 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას, ვნახავთ რა იქნება ინფიცირების მაჩვენებელი კონკრეტულ ქალაქსა თუ სოფელში და ამაზე იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილება"-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, გამონაკლისი იქნება მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები.

მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, 4 ოქტომბრამდე მათთვისაც თეორიული მეცადინეობები იქნება სრულად დისტანციურად, მანამდე უფლებამოსილება ეძლევათ უნივერსიტეტებს მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკური, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები აწარმოონ დასწრებული ფორმატით, ოღონდ აქაც არის მნიშვნელოვანი დათქმა. ამ აქტივობების დროს როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები უნდა იყვნენ ორჯერადად ვაქცინირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში