მებაჟე ოფიცრებმა სარფსა და ქუთაისის აეროპორტში 60 597 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

31 აგვისტო 2021, 15:06 909 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი”, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის გ.ს.-ს მიმართ, ეჭვის საფუძველზე გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ რამდენიმე სამალავში, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები -  საერთო წონით 300.79 გრამი გამოავლინეს. ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 31 613 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეს ოქროს ნაკეთობები ტვირთის გადასაზიდი ურიკის სახელურებსა და ფეხსაცმელების ჩასაფენებში მალულად ჰქონდა მოთავსებული.

შემოსავლების სამსახურის ინფრომაციით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და მონეტები (საერთო წონით 216.03 გრამი), გამოვლინდა, საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ქუთაისის აეროპორტი“. მებაჟე ოფიცრებმა მილანი-ქუთაისის რეისით ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქის ხელბარგის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 28 984 ლარის ღირებულების საქონელი აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში