ოჯახებისთვის, რომელთაც ახალშობილი, ან 3 და მეტი შვილი ჰყავთ, დღეიდან იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა

01 სექტემბერი 2021, 10:31 4408 ნახვა

დღეიდან ამოქმედდება იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საცხოვრებელი ფართის შესაძენად ბანკიდან აღებული კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი, ასევე იმ ოჯახებისთვისაა, რომლებსაც 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შვილი შეეძინებათ.

მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, ბინის შესაძენად როგორც ახალ, ასევე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით.

პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.

იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

ასევე დღეიდან კომპანიები, რომლებსაც ექსპორტის განვითარებისა და იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი აქვთ, პირველად შეძლებენ კომბინირებული დახმარებით ისარგებლონ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საქართველოში მეწარმეობის მხარდაჭერა ახალი ან არსებული საწარმოების გაფართოვება-გადაიარაღებით.

აღნიშნულის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას და სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას. ამავდროულად მეწარმე უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებით საგრანტო კომპონენტითაც.

სიახლეა აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარების პროგრამაშიც.

პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სამივე კომპონენტით, კერძოდ, სესხის პროცენტის თანადაფინანსებით, სესხის უზრუნველყოფით და გრანტით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში