პროკურატურა უზენაესი სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე ინფორმაციას ავრცელებს

07 სექტემბერი 2021, 22:13 1435 ნახვა

უზენაესმა სასამართლომ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"დადგინდა, რომ 2008 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დ.კ.-მ, მასთან დაკავშირებული პირის - მისი მეგობრის ო.შ.-ს და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ თანხების გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და კომპანიის შემოწმების გარეშე, გამოსცა ბრძანება ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. მანვე, სიტყვიერად დაავალა, მასთან დაახლოებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროსს ა. ნ.-ს, კომპანიის წარმომადგენელთან ხელშეკრულების უპირობოდ, სასწრაფოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, იმავე დღეს გაფორმება. აღნიშნული დავალება შესრულებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნების უხეში დარღვევით, კერძოდ, მან, იურიდიული პირის შეუმოწმებლად, შეთავაზებული მომსახურეობის საბაზრო ღირებულების შეუსწავლელად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სათანადო დეპარტამენტებთან შეუთანხმებლად და საბანკო და სხვა სახის გარანტიების მოთხოვნის გარეშე, ასევე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვის არარსებობის მიუხედავად, იმავე დღეს, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმიური საბრძოლო მომზადების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით, საიდანაც, დ.კ.-ს დავალებით 5 060 000 ევრო გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო კომპანიის მხრიდან სანაცვლოდ შესასრულებული ვალდებულება - სამხედრო წვრთნების ჩატარება - საერთოდ არ განხორციელებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. აღნიშნული სასჯელი, 2012 წლის 29 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრდა და საბოლოოდ დ.კ.-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ა.ნ.-ს, რომელიც თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დარჩა ძალაში.

საზოგადოებას ასევე ვაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დანაშაულებრივად გაფლანგული, საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხული თანხების მოძიების, უკანონოდ დაუფლებული თანხების საბოლოო მესაკუთრეების დადგენისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში