აჭარაში კორონავირუსის სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების დეფიციტია - ვახტანგ კალოიანი 

09 სექტემბერი 2021, 11:12 1457 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ექიმი ვახტან კალოიანი აცხადებს, რომ რეგიონში კორონავირუსის სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების დეფიციტია. 

ვახტანგ კალოიანი მერიას და აჭარის მთავრობას მიმართავს, გამოიყენონ სარეზევრო ფონდი, შეიქმნას მედიკამენტების ბაზა, რომელსაც კოვიდპაციენტები კლინიკებში დროულად მიიღებენ. საუბარია ,,რემდესივირსა'' და ,,ტოცილიზუმაბზე''.

მისივე განმარტებით, აჭარაში ეს ბაზა არსებობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ გაუქმდა. აღნიშნული მედიკამენტების მისაღებად საჭიროა ექიმმა შეადგინოს ფორმა 100, რომელიც თბილისში იგზავნება და იქედან ხდება მისი ტრანსპორტირება. ხშირ შემთხვევაში კი მისი გამოყენება დროის ფაქტორის გამო, დაგვიანებულია.

''აღნიშნული მედიკამენტების მისაღებად ექიმებს​ ბათუმში, ქედაში, ხულოში უწევს ძალიან რთული გზის გავლა. ისინი წერენ ფორმას 100, რომელიც იგზავნება თბილისში. იქ მიიღებენ გადაწყვეტილებას და შემდეგ იგზავნება. ბათუმში არ არის ამ მედიკამენტების საწყობი. ეს არის მხოლოდ დედაქალაქში. მხოლოდ ერთ კლინიკაში და იქედან ხდება გამოგზავნა. ორივე ამ მედიკამენტს აქვს მოკლე დროის ფანჯარა, როდესაც შეუძლია მაღალი ეფექტი მოიტანოს პაციენტთან.  მოვუწოდებ ბათუმის მერიას, აჭარის მთავრობას გამოიყენოს სარეზერვო ბიუჯეტი და შექმნას ამ მნიშვნელოვანი მედიკამენტების საწყობი, რათა არ ხდებოდეს დროის დაკარგვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების უარყოფითი შედეგი ჩვენს მოქალაქეებზე მინიმუმამდე დავიდეს.

პერიოდულად, პრობლემებია  ისეთ მარტივ მედიკამენტთან დაკავშირებით, როგორიც არის ფიზიოლოგიური ხსნარი და სისხლის შედედებისთვის საჭირო მედიკამენტები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის'' - ამბობს კალოიანი. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აჭარაში ''რემდესივირის'' მარაგი არის. რაც შეეხება ტოცილიზუმაბს ის მხოლოდ კონკრეტულ კლინიკებშია და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სხვა სამედიცინო დაწესებულებებისთვის დათმობა ხდება. 

თავისუფალ გაყიდვაში კი მედიკამენტი არ არის. 

​''ის მედიკამენტები, რომელიც არის ახალი და გადაუდებელი აუცილებლობით გამოიყენება პაციენტების მართვისთვის, მაქსიმალურად მიზნობრივად უნდა მოხდეს მათი გამოყენება. ამ შემთხევაში ყველაზე მაღალი ინტერესი იყო ,,რემდესივირზე'', დიახ, მედიკამენტის გაცემის მექანიზმი არის ცენტრალიზებული, რაც ხარისხის შენარჩუნებას ემსახურება. კლინიკური ექსპერტების ჯგუფი მუშაობს თბილისში, თუმცა აჭარაში გარკვეული რაოდენობა გაიცემა. ,,რემდესივირის'' ახალი მარაგების შესყიდვაზე სამინისტრო მუშაობს.

რაც შეეხება ,,ტოცილიზუმაბს'', ამასთან დაკავშირებითაც ერთი მომწოდებელია ''როშე'', ხდება მისი გადანაწილება კლინიკებში, რომლებსაც ისინი მკურნალობის პროცესში იყენებენ პანდემიის პირველივე დღეებიდან. ჰქონდათ თავიდანვე შეკვეთილი ეს რაოდენობა. სამინისტრო მხოლოდ ფასილიტაციის კუთხით ერეოდა და დათმობა ხდება კონკრეტული პაციენტისთვის სხვადსხვა რეგიონში. იყო ასეთი შემთხვევა როდესაც რესპუბლიკურმა საავადმყოფომ თავისი მარაგიდან გადასცა აჭარას, რაც მას წინასწარ შეკვეთის სახით არ  განუხორციელებია. 

ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა, უკვე გამოჩნდა სხვადასხვა მომწოდებელი. მედიკამენტი არის რამდენიმე კლინიკაში განაწილებული და თავისუფალ გაყიდვაში არ არის. თუ კი აუცილებლობა არსებობს გვაქვს შესაძლებლობა, რომ პაციენტმა მიიღოს'' - განაცხადა გაბუნიამ. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში