კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ – ანდრია ჯაღმაიძე სავარაუდოდ სუსი-დან გამოჟონილ ფაილებზე

13 სექტემბერი 2021, 16:57 1056 ნახვა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე, სავარაუდოდ, სუსი-დან გამოჟონილ ინფორმაციას ეხმიანება, რომელშიც წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან დღემდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების შესახებ, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ.

''ძალიან ცუდია თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები "იქმნება" და არა უბრალოდ შუქდება.

ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება.

ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ",- წერს ჯაღმაიძე.

არსებული ინფორმაციით ფაილებში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სახელი და გვარიც ფიგურირებს. 

ბმული, რომელზეც ფაილები იყო ატვირთული, მედიასაშუალებების ნაწილმა ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“ მიიღეს. ასევე ინტერნეტში თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილები აიტვირთა. 

საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება.

ფაილების ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში