ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია - პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე 

14 სექტემბერი 2021, 11:54 1346 ნახვა

ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს, ეკლესიის, ჩვენი სარწმუნოების და მღვდელმთავრების წინააღმდეგ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი, გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ''ნაციონალური მოძრაობის'' და სააკაშვილის მჩაგვრელი ძალის მთავარი მიზანი და ამოცანა მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია იყო.

''ვნახეთ როგორი შეტევა განახორციელეს სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ. როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს, მათი მუდმივი ბრძოლა ჯარისა და პოლიციის წინააღმდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ რომ მოახდინოს დემორალიზება და სისტემის დისკრედიტაცია. ეს კარგად გვაქვს გააზრებული, ხალხმა კარგად იცის ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რა მიზანსაც ემსახურება აღნიშნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან ძლიერად გავიმარჯვოთ და მტკიცედ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და განვითარება'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, არჩევნების შემდეგ ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი. 

''ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება. ვიღაცებს შეიძლება, ჯერ კიდევ ჰქონდეთ ილუზია, მაგრამ არავითარი კომპრომისი არ იქნება. ნულოვანი კომპრომისი იქნება, ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ  ქვეყანაში.  არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი, ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს, მოღალატესა და ჩვენი ქვეყნის მტერს'' - განაცხადა პრემიერმა. 

ბმული, რომელზეც ფაილები იყო ატვირთული, მედიასაშუალებების ნაწილმა ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“ მიიღეს. ასევე ინტერნეტში თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილები აიტვირთა. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში