ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსებს უკანონოდ აშენებენ - ოპოზიცია

15 სექტემბერი 2021, 13:31 6648 ნახვა

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე,  მრავალსართულიანი კორპუსების მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, ოპოზიციას კითხვები აქვს. გაერთიანებული ოპოზიციის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დღეს ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. 

გიორგი კირთაძის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთში სავაჭრო ცენტრი უნდა აშენებულიყო, რისთვისაც ნებართვა 2011 წელს გაიცა. დღეს კი განსხვავებული იერსახის ობიექტი შენდება.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრის განმარტებით, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვა, ამ ეტაპზე, არ ჰქონდა და სამუშაოებს შეაჩერებენ. 

"2011 წელს, ამ მიწის ნაკვეთის გასხვისება მოხდა პირობით. ავტოსადგურის პარალელურად, აქ უნდა აშენებულიყო თანამედროვე სავაჭრო ცენტრი. ახლა ყველანი კარგად ვხედავთ, რომ თანამედროვე სავაჭრო ცენტრი კი არა, რაღაც გაუგებარი ყაზარმები შენდება, რომლის შესახებ ინფორმაცია არავის აქვს. ქალაქის შუაგულში 7 თუ 8 ყაზარმა ისე აშენდა, რომ ბათუმის მერიამ არაფერი იცის. ახლა გვეუბნება მუნიციპალური ინსპექციის სამსახური, რომ ნებართვა არ გვქონია გაცემული, მოვალთ და მშენებლობას შევაჩერებთო.

მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის ინფორმაცია რაც ჩვენ გვაქვს საფრთხეს უქმნის ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. არ შეიძლება ასე, ინფორმაციის მიწოდების გარეშე, მსგავსი ტიპის პროექტები განახორციელოს ივანიშვილის დავალებით ვიღაცეებმა. არ ვიცით რა ჯგუფია შემოსული და რის გაკეთებას გეგმავს, ეს ყველაფერი მოქალაქეთა ზურგს უკან, გასაიდუმლოებულად ხდება. რაღაც  გაურკვეველი ყაზარმები შენდება ქალაქის შუაგულში"- აცხადებს გიორგი კირთაძე.

გოგოლის ქუჩაზე, სამშენებლო მოედანთან არ არის გამოკრული ბანერი, სადაც აღნიშნული უნდა იყოს მშენებლობის ვადები და ობიექტის პროექტი.

ოპოზიციის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, არავინ იცის რა შენდება ქალაქის ცენტრში. 

''ეს გახლავთ კლასიკური ნიმუში ფარულ კაბინეტებში მიღებული გადაწყვეტილებების, რომელშიც მოქალაქეები ჩართულები არ არიან. ინფორმაციაც კი არ აქვთ რა შენდება. 2011 წელს არის ნებართვა გაცემული, ის ნებართვა არის დარღვეული.  ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ის, რომ არ ვიცით რა  მშენებლობასთან გვაქვს საქმე, რა დაწესებულება შენდება, რა ფუნქცია ექნება. აქ უნდა ყოფილიყო თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, თუმცა ახლა ვღებულობთ ბნელით მოცულ უზარმაზარ მშენებლობას'' - ამბობს კალოიანი. 

 

გოგოლის ქუჩაზე, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ. მათი განმარტებით, მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა და კომპანია 5 000 ლარით დაჯარიმდება. 

როგორც აღმოჩნდა ეს პირველი შემთხვევა არ არის და "მეტრო ტერმინალი" უკანონო მშენებლობისთვის ექვსჯერ დაჯარიმდა. მუნიციპალურ ინსპექციაში წერილობით გვიპასუხეს, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიას შენობის დემონტაჟი დაევალა. 

''ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ "მეტრო ტერმინალის" მიმართ გოგოლის #11-ში უნებართვოდ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის სამართალწარმოება პირველ ივნისს მშენებლობის დაწყებისთანავე დაიწყო, მითითების შეუსრულებლობის გამო კი დაჯარიმდა 6000 ლარით.

კომპანიას დაევალა მშენებლობის შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი). მას შემდეგ 6-ჯერ დაჯარიმდა მშენებლობის შეუჩერებლობის გამო 5000 ლარით. ვინაიდან დადგენილებები სასამართლოშია გასაჩივრებული, კომპანიის მიერ, შესაბამისად აღსრულებაში გადაიგზავნება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად'' - წერია განმარტებაში. 

''მეტრო ჰოლდინგის'' უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ გოგოლის ქუჩაზე 2 500 ნომრიან სასტუმროს აშენებენ. 

ლაშა ბარამიძის თქმით, ეს იქნება ''ბონი სითი'', რომელიც კანონიერად შენდება. 

''ეს კერძო ტერიტორიაა, აქ რომ ოპოზიცია მოდის და პროტესტს გამოხატავს არასწორია. აქ უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე თქვენც არ უნდა იყოთ, მაგრამ პატივს ვცემ ჟურნალისტებს და არაფერს გეუბნებით'' - განაცხადა ლაშა ბარამიძემ. 

 

 

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში