კიდევ ერთი ამორალური ტყუილი - მამუკა მდინარაძე "მთავარი არხის" ოპერატორის გადმოგდების ფაქტს ეხმაურება

15 სექტემბერი 2021, 21:07 1113 ნახვა

ქარელში მომხდარ ინციდენტს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მმართველ გუნდში უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადეს, რომ არანაირი ფიზიკური შეხება მედიის წარმომადგენლების მიმართ არ ყოფილა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპერატორი წამოეგო მოაჯირს და ეს არ იყო ვარდნა სიმაღლიდან.

"კიდევ ერთი ამორალური ტყუილი "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შესრულებით. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, თუ როგორ მოჰყვა მან ამბავი, თითქოს ჩვენი ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მისი თანამშრომელი, ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ვციტირებ, მან ასე განაცხადა.

ბექა ყორშია, არავის გაგიკვირდებათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით, კითხულობდა "ჩლიქოსანს", მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენს წარმომადმგენლებს და მას შემდეგ რაც გამოაძევეს შტაბიდან, მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის.

"მთავარი არხის" ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც იქ ე.წ ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირია, წამოედო ამ მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ანუ, ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმედია ყველაფერი კარგად იქნება",- განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში