ამ ეტაპზე ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის კლება არ შეიმჩნევა - ჯანდაცვის მინისტრი

17 სექტემბერი 2021, 12:34 742 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება.

ეკატერინე ტიკარაძემ ის რისკები დაასახელა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ეპიდვითარების გაუარესება და მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

''ვგულისხმობ სოციალური ღონისძიებების გამართვას, პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანციას. ასევე მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთა გადანაწილება იყოს პროპორციული იმ რეგულირების მიხედვით, რომელიც მოცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რათა არ მოხდეს ისევ პროვოცირება ინფექციის გავრცელების.

ასევე საყურადღებოა ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი – ერპე, რის საფუძველზეც ჩვენ მოგვეცა გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რომ შემსუბუქებები დაგვეწყო. ამ ეტაპისთვის მაჩვენებელი გაჩერებულია ანუ მისი კლება არ შეიმჩნევა. სწორედ ამიტომ, ჩვენი საზოგადოების მეტი მობილიზაცია და სოლიდარობაა საჭირო იმ რეგულაციების მიმართ, რისკენაც ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში