უხვი ნალექის შედეგად ბათუმში ათობით ქუჩა დაიტბორა - მერიის ცხელ ხაზზე 250-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

22 სექტემბერი 2021, 12:00 1500 ნახვა

გუშინ, ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად ბათუმში ათობით ქუჩა დაიტბორა. მერის მოადგილის განცხადებით, დატბორვის შესახებ მერიის ცხელ ხაზზე 250-ზე მეტი ზარი შევიდა.

ლელა სურმანიძის განმარტებით,  ღამის განმავლობაში, მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაოებდნენ, ტარდებოდა ამოტუმბვითი სამუშაოები და ეს პროცესი ახლაც გრძელდება.

"მოსახლეობის ნაწილს ესაჭიროება საცხოვრებელი სახლიდან დროებით გაყვანა და ისინი გაყვანილი იქნებიან უახლოესი საათების განმავლობაში, ხოლო ვისაც დაუზიანდათ საყოფაცხოვრებო ნივთები მათ გაეწევათ მატერიალური დახმარება.

სახლებიდან წყლის ამოტუმბვას ესაჭიროება სატუმბი მანქანები, ასეთი მანქანა "ბათუმის წყალს" ყავს სულ 5, რომლებიც ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ლოკაციების მიხედვით"- განაცხადა ლელა სურმანიძემ.

მისივე თქმით, ყველა დაზარალებული ობიექტის შეფასება მოხდება და გადაწყდება თუ რა სახის დახმარებას მიიღებენ ისინი.

"შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ყველას გაეწევა დახმარება"- განაცხადა ლელა სურმანიძემ.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სანიაღვრე სისტემის პარალიზება, სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია, რის გამოც სისტემის გამტარუნარიანობა შეიზღუდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში