ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით პერსონალური მონაცემები დაირღვა - ინსპექტორის სამსახური

24 სექტემბერი 2021, 10:18 1342 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად აფასებს.

უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და დაჯარიმდა 2 000 ლარით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას, რომელმაც მასალა გადასცა და დაჯარიმდა 500 ლარით. 

''საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2021 წლის 11 ივლისს გამართული ბრიფინგების ფარგლებში ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ მათ გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი. კერძოდ, სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით ირკვევა, რომ სამინისტროს მიერ გამართული ბრიფინგების მიზანს წარმოადგენდა ლექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. თუმცა, 2021 წლის 11 ივლისს გამართული ბრიფინგების ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენელმა არ/ვერ დაასახელა ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი და აღნიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგები. აღნიშნულის პარალელურად, სამინისტრომ ბრიფინგებზე გაასაჯაროვა ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, შესაბამისი კომენტარებით, თუმცა საზოგადოებას არ მიაწოდა ინფორმაცია მათი გასაჯაროების მიზნებისა და მიმდინარე გამოძიებასთან ვიდეოჩანაწერების მიზეზობრივი კავშირის შესახებ. უფრო მეტიც, სამინისტრომ თავი შეიკავა გამოძიების კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისაგან (იმ მოტივით, რომ მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო დასკვნის შემდგომ იქნებოდა შესაძლებელი პირის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზის დადგენა), საზოგადოებას მოუწოდა გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერებიდან არ გამოეტანათ ნაადრევი დასკვნები და დალოდებოდნენ გამოძიების შედეგებს. ვინაიდან 2021 წლის 11 ივლისს სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით და ამასთან, ბრიფინგებზე არ იქნა განმარტებული ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალებასთან აღნიშნული ჩანაწერების კავშირი, სამინისტროს მიერ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება შეფასდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპის დარღვევად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2021 წლის 11 და 12 ივლისს, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამართული ბრიფინგების ფარგლებში გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერების მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ სამინისტრომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოიპოვა 2021 წლის 12 ივლისის ბრიფინგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი აუდიო-ვიდეოჩანაწერი. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ აუდიო-ვიდეოჩანაწერი სამედიცინო დაწესებულებიდან მოპოვებულ იქნა სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნულ აუდიო-ვიდეოჩანაწერზე (2021 წლის 12 ივლისს, 00:21, 00:24, 00:28 და 00:52 საათებზე) წვდომისა და სამედიცინო დაწესებულების კომპიუტერული მოწყობილობიდან მისი გადმოწერის დროს სამინისტროს მიერ არ შედგენილა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი რაიმე საპროცესო დოკუმენტი. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულების მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (მონაცემთა დამუშავების საფუძვლების) დარღვევა, სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან ვიდეოჩანაწერების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დათვალიერებისა და გადმოწერის ფაქტზე.

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2021 წლის 11 და 12 ივლისს, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გასაჯაროებული სხვა ვიდეოჩანაწერების მოპოვების კანონიერებას, სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით ირკვევა, რომ სამინისტრომ ისინი სხვადასხვა პირისაგან მოიპოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-126-ე მუხლებით დადგენილი წესით (დათვალიერების გზით), ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მფლობელების წერილობითი თანხმობის საფუძველზე და ვიდეოჩანაწერების დათვალიერება განხორციელდა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ვიდეოჩანაწერების დათვალიერების გზით მოპოვების კანონიერების შეფასების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესწავლილი სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებები არაერთგვაროვანია. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებში, ვერ/არ შეაფასა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაციის/დოკუმენტის მტკიცებულების სახით დათვალიერების გზით მოპოვების კანონიერების საკითხი.

2020 წლის 11 ივლისს ინტერნეტსივრცეში (მათ შორის, Facebook-ში) ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გასაჯაროების ფაქტთან დაკავშირებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ: ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში - info.pol.ge აღრიცხული მონაცემების იდენტურია. ინტერნეტში გავრცელებული და სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში მითითებული ინფორმაციები თანხვედრაშია ერთმანეთთან, როგორც სტრუქტურით და თანმიმდევრობით, ასევე ტექსტში გამოყენებული სიმბოლოებით (სასვენი ნიშნებით); საინფორმაციო ბაზა - info.pol.ge-ში დაცულ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას მონაცემებთან წვდომა 2021 წლის 5 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჰქონდათ მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მონაცემებზე წვდომა განახორციელა 2021 წლის 11 ივლისს; საინფორმაციო ბაზა - info.pol.ge-ში დაცულ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას მონაცემებთან წვდომა ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა (თითქმის ყველა) სტრუქტურული დანაყოფის 82 თანამშრომელს. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლ(ებ)ის მხრიდან გამჟღავნების ფაქტზე.

ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შემოწმების პარალელურად, 2021 წლის 12 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს თანამშრომლების მიერ ერთიან საინფორმაციო ბანკში განხორციელებული არასანქცირებული წვდომებისა და 2021 წლის 11 ივლისს ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-16 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სამინისტროს კონკრეტული თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში