ყურძნის ჩაბარების ელექტროსასწორებზე წონის ხელოვნურად გაზრდის აპარატურის დამონტაჟებისთვის 4 პირი დააკავეს

28 სექტემბერი 2021, 11:11 3261 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყურძნის ჩაბარების ელექტროსასწორებზე წონის ხელოვნურად გაზრდის აპარატურის დამონტაჟებისთვის 4 პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა გ.ც.-მ და მ.ც.-მ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და სხვა ბრალდებულებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის ქარხნებში, ყურძნის მიღების დროს ელექტროსასწორებზე განხორციელებული ხელოვნური მანიპულაციის შედეგად, დიდი ოდენობით თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ.

''ბრალდებულებმა სექტემბერში, ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში არსებულ მაღალი ტონაჟის სასწორზე ფარულად დაამონტაჟეს დისტანციური წესით სამართავი მოწყობილობა და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით ახდენდნენ მათ მიერვე მოძიებული, ყურძნით დატვირთული ავტომანქანების წონის ხელოვნურად გაზრდას.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ღვინის ქარხნის დათვალიერებისას, კუსტარულად დამზადებული, წონის მომატებისთვის საჭირო აპარატურა, სამართავი პულტი, აგრეთვე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 4 630 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს'' - აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში