გერმანიის პრეზიდენტი, გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ყალბ ამბავს უწოდებს

29 სექტემბერი 2021, 18:27 1254 ნახვა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ყალბ ამბავს უწოდებს გამოცემა "ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიის მოთხოვნით, ევროკავშირი ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავს.

"დღეს, როდესაც აქ [კიშინიოვში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ, ყალბი ამბებია“, - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა "ევროობზერვერის“ მიერ გამოქვეყნებული სიახლის საპასუხოდ, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ცოტახნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი მოთხოვნის გამო, საქართველოსა და რამდენიმე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს სავარაუდოდ, 13 ოქტომბერს განიხილავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში