საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის მანძილზე აკრძალულია ნებისმიერი შეკრება, ამომრჩევლის აღრიცხვა და შეფერხება - ალექსანდრე დარახველიძე

01 ოქტომბერი 2021, 15:17 1126 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისიტრო უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სამინისტრომ საარჩევნოდ 900-მდე თანამშრომელი გადაამზადა იმისათვის, რომ მათ ჰქონოდათ შესაბამისი ცოდნა საარჩევნო საკითხებზე.

დარახველიძის განმარტებით, გრძელდება გამოძიება 27 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

"27 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გვაქვს დაწყებული გამოძიება, მათ შორის ბანერების, ქონების დაზიანების ფაქტებზე. 9 შემთვევაში გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის ფაქტებზე. ასევე აქტიურად ვიძიებთ დმანისში მომხდარ ინციდენტს და ტელეკომპანია "მთავარის" ოპერატორის შესაძლო ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება"-აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროში განმარტავენ, რომ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის მანძილზე აიკრძალა ნებისმიერი შეკრება, ამომრჩევლის აღრიცხვა და შეფერხება.

მათივე განცხადებით, აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის მიმართ გათვალისწინებულია 2000 ლარიანი ჯარიმა. შესაბამისად იმ პირებს, ვინც დაარღვევს აღნიშნულ მოთხოვნას, პოლიციას მოუწევს შესაბამისი რეაგირება. 

"ყველა სუბიექტს და საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს მოვუწოდებ დაიცვან კანონის მოთხოვნა, დაემორჩილონ პოლიციის  კანონიერ მოთხოვნას, რომ არჩევნებმა ჩაიარონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

შსს არჩევნების დღეს მედიას და საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას მომხდარ სამართალდარღვევებთან თუ სხვა ინციდენტებთან დაკავშირებით"- აცხადებენ შსს-ში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში