უბნებზე მობილიზებული ''ქართული ოცნების'' აგიტატორები, მოქალაქეებს საკუთარ სიებში ამოწმებენ - ენმ 

02 ოქტომბერი 2021, 14:21 940 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ. მირდატ ქამადაძის განცხადებით, ''ქართული ოცნება'' ე.წ. კარუსელების დატრიალებას ცდილობს. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე დაფიქსირებული დარღვევები უკავშირდება საარჩევნო უბნებთან 100 მეტრის რადიუსში აგიტაციის ფაქტებს, ასევე ამომრჩევლის ნების კონტროლს. ოპოზიციური პარტიის წევრის განმარტებით აგიტატორები და რამდენიმე შემთხვევაში, კომისიის წევრებიც არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს საკუთარ სიებში ამოწმებენ და აღრიცხავენ. 

ქამადაძე ასევე აცხადებს, რომ ​სუსი არჩევნების დღესაც ცდილობს, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ნებაზე ზემოქმედებას.

''40-ე, 8-ე, 41 და 48-ე უბნებზე მობილიზებულები არიან ''ქართული ოცნების'' აგიტატორები, რომლებიც არ იცავენ კანონმდებლობის მოთხოვნას და ახდენენ არჩევნებზე მისული ადამიანების აღრიცხვას სიების მიხედვით. რაც მიგვაჩნია, რომ ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე ზეწოლაა.

მე-6 და მე-18 უბნის თავმჯდომარე ხელს უშლის დამკვირვეელებს, რაც შემდეგში გამოიხატება: არ აძლევს საშუალებას ამომრჩეველი კედლის სიაში გადაამოწმოს.

მეხუთე და 98-ე უბნებზე ამომრჩეველს ხელს აწერინებენ სხვის ნაცვლად ან საერთოდ არ აწერინებენ სამაგიდო სიაზე. ამაზე მივიღეთ განმარტება, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი, თუმცა ჩვენ თვლით, რომ ასეთ ფაქტებს, რომელიც რამდენჯერმე დაფიქსირდა, ''ქართული ოცნება'' კარუსელის დასატრიალებლად იყენებს. 

56-ე და მეორე უბნებზე დაფიქსირდა ფაქტი-ამომრჩევლები, რომლებიც არ იყვნენ უბანზე რეგისტრირებულები ცდილობდნენ შესვლას და ხმის მიცემას, რისი საშუალებაც ჩვენმა კომისიის წევრებმა არ მისცეს. 

95-ე უბანზე კომისიის წევრები  იმყოფებოდნენ გარეთ და კომუნიკაცია ჰქონდათ ''ქართული ოცნების'' აგიტატორებთან. ეს არის კანონის დარღვევა. 

ხელვაჩაურის 34-ე უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიაში ''ქართული ოცნების'' წარმომადგენელი, მის ხელთ არსებულ სიაში ახდენს ამომრჩევლის აღრიცხვას. 

მეოთხე უბანთან კი დგანან ავტომობილი ,,ოცნების'' დროშებით'' - განაცხადა ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა. 

მირდატ ქამადაძის თქმით, თითოეულ ფაქტზე არსებობს ფოტო და ვიდეო მასალა და ასევე დაწერილია საჩივრები. 

 

 

 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში