არჩევნების მეორე ტური ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით - ალბერტ იონსონი 

31 ოქტომბერი 2021, 14:58 1399 ნახვა

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განგრძობადმა პოლარიზაციამ და გამოწვეულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით. 

​დამკვირვებლის თქმით, მწვავე უთანასწორობამ რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

"ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდი კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა განგრძობადმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. 

 

კამპანია კონკურენტული იყო და მთელს ქვეყანას ფარავდა, მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები. ზოგადად კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა. თუმცა იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით. 

 

მწვავე უთანასწორობამ რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის არასათანადო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი.

 

კერძო სატელევიზიო არხები განაგრძობდნენ მაღალ პოლარიზაციას და აშკარად მიკერძოების გამოვლენას, რაც ამომრჩეველს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი და კარგად ადმინისტრირებული იყო. ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პარტიულ მხარდამჭერებს შორის, საარჩევნო უბნების გარეთ.

ხმის დათვლის პროცესი ზოგადად დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა რამდენიმე პროცედურულ დარღვევას ხმის დათვლის დროს. იმის გამო, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ, აგრეთვე პირთა ჯგუფები საარჩევნო უბნების გარეთ სავარაუდოდ გავლენის მოხდენას ცდილობდნენ შედეგები იყო შეშფოთების საგანი.

მთლიანობაში კანონმდებლობა ადეკვატურ  საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად თუ მისი სრულყოფილად შესრულება მოხდება. ამავდროულად ის ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობებს.

ოდრის და ვენეციის კომისიის მიერ ადრე გაკეთებული რეკომენდაციების ნაწილი შეუსრულებელი რჩება, ეს ეხება საარჩევნო უფლებების შეზღუდვას, საარჩევნო დავებს, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებას"- განაცხადა ალბერტ იონსონმა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში