4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში სწავლის დასაწყებად ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია - განათლების სამინისტრო

03 ოქტომბერი 2021, 13:34 1291 ნახვა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ 4 ოქტომბერს სწავლის დასაწყებად ყველა სკოლა სრულ მზადყოფნაშია.

მათივე განცხადებით, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

"ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან დასრულებულია არა მხოლოდ საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, არამედ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის.

ახალი სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულდა 64 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე 64 საჯარო სკოლას. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები. მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი აწარმოებს როგორც განათლებისა და მეცნიერების, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ სკოლებს, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებამდე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში