''ლელო'' ბათუმში, მეშვიდე მაჟორიტარული ოლქის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს

03 ოქტომბერი 2021, 16:35 909 ნახვა

პარტია ''ლელო საქართველოსთვის'' ბათუმში, მეშვიდე მაჟორიტარული ოლქის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს. ირაკლი კუპრაძის განცხადებით , მე-7 მაჟორიტარული ოლქის 13 საარჩევნო უბანზე ბათილად არის ცნობილი 925 ბიულეტინი, რაც გამორიცხულია. 12 უბანზე კი არის დისბალანსი, რომელიც ასევე გამოსაკვლევია. 

,,ლელოს'' აჭარის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ''ქართულმა ოცნებამ'' არჩევნების გაყალბება სცადა და ამას არ დაუშვებენ.  

''ქართმა ოცნებამ'' სცადა მანიპულაციის გზით გაეყალბებია მინდია გოგუაძის გამარჯვება, მხოლოდ და მხოლოდ 0,06 % რაც ბათილი ბიულეტენების გათვალისწინების ჩათვლით, ნიშნავს 5-დან 15% მდე სხვაობას. გვაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი ოქმები გამოქვეყნდება ცესკოს გვერდზე და გვავქს ინფორმაცია, რომ ეს ბიულეტენები არის ჩამალული, უსამრთლოდ გაბათილებული. ვითხოვთ კატეგორიულად საოლქო კომისიისგან 13-ვე უბნის გადათვლას და თავმჯდომარის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას. ამაში ჩვენ ყველა ოპოზიციური პარტია გვიერთდება. 

მოვუწოდებთ ცესკოს და საოლქო კომისიას მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილება მაქსიმალურად გამჭვირვალედ გადათვალოს ცამეტივე საარჩევნო უბანი. ვაპირებთ ვიბრძოლოთ ამ უბნებისთვის'' - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

''ეს არის წყლის ნაყვა'' - ასე პასუხობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ''ლელოს'' წევრებს. 

''მესმის ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალის, როცა სასურველი შედეგი ვერ დგება, მიდის გაუთავებლად საუბარი არჩევნების გაყალბებაზე. ეს არჩევნები ზუსტად ასახავს იმას, რა არჩევანიც გააკეთეს მოქალაქეებმა'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში