ფოთის ნავსადგური მის ტერიტორიაზე შემომავალი ან გამავალი ტვირთის და მისი თანმხლები პირების შემოწმებაზე პასუხისმგებელი არ არის - ფოთის პორტი

05 ოქტომბერი 2021, 10:36 983 ნახვა

"კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური" საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფოთის პორტში განმარტავენ, რომ ისინი არ ფლობენ დადასტურებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

"სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური" ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ქვეყანაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოთის ნავსადგურის გავლით შემოსვლის შესახებ.

სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ (ეიპიემ ტერმინალს ფოთი) არ ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგური, ნავსადგურის ტერიტორიაზე შემომავალი ან გამავალი ტვირთის და მისი თანმხლები პირების შემოწმებაზე უფლებამოსილი და შესაბამისად, პასუხისმგებელი არ არის. აღნიშნული პროცესი სრულად კონტროლდება და იმართება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.

რაც შეეხება ინფორმაციას ჩვენი ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტის შესახებ, ჩვენ ველოდებით საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ოფიციალურ ინფორმაციას. აქვე, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მოთხოვნისამებრ ვითანამშრომლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან"-აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ორი პირი 1984 წელს დაბადებული შ.წ. და 1960 წელს დაბადებული ზ.წ. დააკავა. ისინი ფოთის პორტის თანამშრომლები არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში