​საუბნო-საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში, სავარაუდო დისბალანსით მანიპულირება მიუღებელია - ცესკო

06 ოქტომბერი 2021, 12:02 1017 ნახვა

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯაროდ წარმართა ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის ხმის დათვლის პროცედურები, რომელსაც სპეციალური ვიდეოკამერები აღბეჭდავდა. ამ პროცესს აკვირდებოდნენ დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები და მედია. ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვება პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იყო“, - განაცხადა იოსელიანმა.

ნათია იოსელიანის განცხადებით, საუბნო-საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი ხდება მანიპულაციის თემა სხვადასხვა მხარისთვის.

ცესკოში აცხადებენ, რომ წელს არაერთი ბერკეტი არსებობს თითოეული მონაცემის გადასამოწმებლად და აღნიშნულით მანიპულირება მიუღებელია.

"შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერეs როგორც პროფესიული ნიშნით, ისე პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა. რაც ადასტურებს, რომ კომისიის თითოეული წევრი დეტალურად იყო ინფორმირებული როგორც უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობაზე, ასევე იმის შესახებ თუ რა სახის ბიულეტენები გაიცემოდა თითოეულ ამომრჩეველზე და მთლიანად ხმის დათვლის პროცესზე. რაც მათი ხელმოწერითაც დასტურდება"- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრს აქვს უფლება დააფიქსიროს განსხვავებული აზრი იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს.

„ განსხვავებული აზრი დააფიქსირა საუბნო საარჩევნო კომისიების 65 000-ზე მეტი წევრიდან მხოლოდ 8-მ. შეგახსენებთ, რომ შედგა 11 159 შემაჯამებელი ოქმი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით შედგა შესწორების ოქმები: სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან დაკავშირებით – 275, ბათილ ბიულეტენებთან მიმართებაში – 66, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით  – 42, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე – 138 და ამომრჩეველთა აქტივობაზე – 41. ასევე,  ახსნა-განმარტებები შეეხებოდა: რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისათვის ზედმეტი ბიულეტენის გადაყოლებას  – 176, შემაჯამებელ ოქმზე არასწორად მითითებულ ან გამორჩენილ თარიღსა და დროს – 292, შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერის გამორჩენას ან არასწორად მითითებას – 123,  ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გამორჩენას – 68, შემაჯამებელ ოქმში ბეჭდის ნომრის არქონას ან არასწორად მითითებას – 61, შემაჯამებელ ოქმზე კომისიის ბეჭდის ნომრის ჩაწერის გამორჩენას – 55 და სხვადასხვა მიზეზით 235“, – აღნიშნა იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში