კორპუსის ნგრევის რა ვერსიებზე საუბრობენ მოქალაქეები 

08 ოქტომბერი 2021, 14:49 2699 ნახვა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსი დაახლოებით ოთხი საათის წინ ჩამოინგრა. მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ნგრევა შესაძლოა ლიფტს უკავშირდებოდეს, რომელიც კორპუსს რამდენიმე წლის წინ მიაშენეს, ან შენობის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს. კადრებში კარგად ჩანს, ლიფტის რკინის კონსტრუქცია, რომელიც ჩამონგრეულია. 

''იცით ხომ რამ გამოიწვია?!.. დაშენებულმა სართულებმა - მეექვსე მეშვიდე სართული. პირამიდასავით აგებულმა ასევე ლიფტმაც'' - აცხადებს მოქალაქე. 

მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე კი ამბობს, რომ ლიფტი  სადარბაზოზე გარედან იყო მიდგმული და ნებართვა 2017 წელს გაიცა. 

''სპეციალისტები ამბობენ, რომ ამას არ შეეძლო გამოეწვია ნგრევა. ლიფტი არის მსუბუქი კონსტრუქცია და იყო მიდგმული შენობის გარედან.  ლიფტის გაკეთების ნებართვა 2017 წელს არის გაცემული. რადგან ნებართვა იყო გაცემული შემოწმებულიც იქნებოდა. ლიფტი არ არის შენობაში ჩაშენებული. ინჟინრებიც და არქიტექტორებიც ამბობენ, ეს ვერ გამოიწვევდა ნგრევას'' - განაცხადა ლელა სურმანიძემ. 

ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევისას ნანგრევებიდან გამოყვანილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ აფეთქება არ ყოფილა. მისივე თქმით, კორპუსში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და პირველ სართულზე კედლებს ანგრევდნენ. 

მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსი ავარიული არ იყო. 

​მომიჯნავე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე, ქეთი პაპავა ვარაუდობს, რომ ნგრევა აფეთქებამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, მეზობლებმა ჩამონგრევამდე გაიგეს აფეთქების ხმა. 

"მე პირადად არ გამიგია, მაგრამ მეზობლებთან უშუალო კონტაქტზე ვარ და ზოგიერთი მეზობელი აფეთქების ძალამ შეაქანა კიდეც. ამაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მიზეზით, რაღაც აფეთქდა, სავარაუდოდ გაზი. შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ გაზი ითიშებოდა და ყურადღებით ყოფილიყვნენ და ამ შეტყობინების შემდგომ მოხდა ეს შემთხვევა. გაზი კორპუსში გაითიშა 10-15 წუთით ადრე. ჯერ იყო აფეთქების ხმა და შემდეგ იყო ნგრევა. მე არ ვარ კომპეტენტური ვისაუბრო კორპუსის ავარიულობაზე. ​გვერდით კორპუსში ვცხოვრობ , მაგრამ მეზობლები ვართ წლებია, ბოლოს ამ კორპუსზე დაშენება მოხდა სადღაც 2000 წლის დასაწყისში.

საკმაოდ დიდი ხანია დაშენება ამ კორპუსზე აღარ ყოფილა. შემდგომ სადარბაზოზე მონტაჟდებოდა ლიფტი. არასოდეს გაგვიგია, რომ ამ სახლში ყოფილიყო ავარიული სიტუაცია" - განაცხადა ქეთი პაპავამ აჭარის მაუწყებელთან საუბრისას.

"სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორი ჩვენთან სატელეფონო საუბრისას უარყოფს გაზის შესაძლო აფეთქების ვერსიას. ​ვახტანგ ბერიშვილის თქმით, დეტალური შესწავლის საშუალება არ მისცემია, თუმცა გარეგანი დათვალიერების შედეგად, წინასწარი მონაცემებით აცხადებენ, რომ ნგრევის მიზეზი გაზის აფეთქება არ ყოფილა.

აღნიშნულ სადარბაზოში 12-მდე ოჯახი ცხოვრობს. ჯერ-ჯერობით ნანგრევებიდან არცერთი მოქალაქე არ გამოუყვანიათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში