თორნიკე რიჟვაძე: უმძიმესი დღეებია ჩვენი ქალაქისთვის, უნდა დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგებს და ბრალეული პირების გამოვლენას 

10 ოქტომბერი 2021, 18:09 1670 ნახვა

თორნიკე რიჟვაძე ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. ადგილზე აჭარის მინისტრთა კაბინეტისა და უმაღლესი საბჭოს წევრებიც იმყოფებოდნენ.

„უმძიმესი დღეებია ჩვენი ქალაქისთვის, ამ ოჯახებისთვის. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, მათ ახლობლებს, მეგობრებს. ახლა მიმდინარეობს ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს აქ დარჩენილი ობიექტის შემდეგი რისკების პრევენციას“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და გადაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს გარდაცვლილი ოჯახებისთვის, რაც მათ ესაჭიროებათ და იმისთვისაც, რომ აქ მაცხოვრებელმა ოჯახებმა უსაფრთხოდ გააგრძელონ ცხოვრება.

„რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას და საბოლოო პასუხისმგებლობას, შესაბამისი საგამოძიებო უწყებები პერიოდულად გვაწვდიან ინფორმაციას. უნდა დაველოდოთ, სანამ საბოლოოდ არ მივიღებთ გამოძიების შედეგებს და საბოლოო ბრალეულ პირები გამოვლინდებიან. აქ ხორციელდებოდა თვითნებური სამუშაოები და ამიტომაც დადგა პასუხისმგებლობა. ზოგადად, ბათუმში და ყველა დიდ ქალაქში არის ავარიული სახლების ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა. ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას და ყველა ოჯახი ცხოვრობდეს უსაფრთხოდ“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში