კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს 

11 ოქტომბერი 2021, 11:18 5911 ნახვა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლომ  ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.

გამოძიება დაკავებულებს 240-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავება. აღნიშნული მუხლი სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.

პროკურატურის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში კორპუსის მკვიდრი ზაურ ბუდაგოვი სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ 2 ფიზიკურ პირ შეუთანხმდა, პირველ სართულზე, თავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, კედლების მოშლასაც მოიცავდა. ბუდაგოვის ადვოკატი კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე სახის სამუშაოებს სარდაფსა და საყრდენ კედელზე.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამშენებლო სამუშაოები, საცხოვრებელი სახლის სარდაფსა და საძირკველზე მიმდინარეობდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში