პოლიციამ დუშეთში უცხო ქვეყნის ვიზების არალეგალურად დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

12 ოქტომბერი 2021, 18:37 1189 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დუშეთში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში არალეგალურად გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენის მსურველი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დ.ს., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საჭირო დოკუმენტებს გადასცემდა, აშშ-სა და კანადაში გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამის პირობებს უქმნიდა.

სამართალდამცველებმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დ. ს.-ის დანაშაულებრივი ქმედების ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება და სატელეფონო მიყურადება განახორციელეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 16 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აშშ-ში არალეგალურად გამგზავრებაში დახმარებას დაჰპირდა და წინასწარ გამოართვა 4000 ლარი.

პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საქართველოს მოქალაქის 76 პასპორტი, 3 საბანკო პლასტიკური ბარათი, 2 მეხსიერების ბარათი, კომპიუტერული ტექნიკა, 2 მობილური ტელეფონი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, დოკუმენტების დასამზადებელი დანადგარი და დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში