მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ფართო პროფილის ექიმებთან პირველი შეხვედრა გაიმართა - თამარ გაბუნია

13 ოქტომბერი 2021, 17:17 1101 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ექსპერტების ჯგუფის მობილიზაციის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს ფართო პროფილის ექიმებთან პირველი შეხვედრა გაიმართა.

თამარ გაბუნიას თქმით, შეხვედრას სააკაშვილის პირადი ექიმიც ესწრებოდა.

"დღეს იყო პირველი შეხვედრა ფართო პროფილის ექიმებთან, მათ შორის, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური მიმართულებით. საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ასევე, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის ჩარჩოების დაცვით.

დღეს, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტების ჩამონათვალს მივაწოდებთ. პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად გავაგრძელებთ საქმიანობას. მიხეილ სააკაშვილთან ჯგუფის შეხვედრისა და ექსპერტებისსაქმიანობის დეტალები შეთანხმებული იქნება და განისაზღვრება პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად. როგორც კი, იუსტიციის მინისტრისგან მითითებას მივიღებთ, ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც”, - განაცხადა გაბუნიამ.

იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში