გვეყოფა მარცხი, ძირს ხელჩამოშვებულება და ნიჰილიზმი, ყველანი არჩევნებზე, დავიცვათ თითოეული ხმა - მიხეილ სააკაშვილი

14 ოქტომბერი 2021, 19:17 983 ნახვა

გვეყოფა მარცხი, ძირს ხელჩამოშვებულება და ნიჰილიზმი, ყველანი არჩევნებზე, დავიცვათ თითოეული ხმა, ბნელი შეიცვლება ნათელით  - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც  თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

ექსპრეზიდენტის თქმით, საჭიროა დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე. გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მისი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილიაა, ქართველებს თავისუფლებით და კეთილდღეობით გამორჩეული სახელმწიფო ჰქონდეს.

"მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე. დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო. ჩვენ მრავალათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით. ვერ გიერთდებით ჯერ! ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით. უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ. ჩვენს სამშობლოში უნდა ვბრუნდებოდეთ ყველა, რომლითაც ვიამაყებთ და სადაც ცხოვრება იქნება შესანიშნავი. რატომ ვარ დღეს საქართველოში? - მე აქ ვარ, რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი, თუნდაც, ჩემთვის ძალიან ახლობელ უკრაინაში. ვერ ვიქნები სხვაგან, როცა ამდენ სისასტიკეს და უბედურებას ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში. უემოციოდ ვერ ვუყურებ მასობრივად როგორ გარბის ჩვენი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება საქართველო ყველაზე ნიჭიერი, მშრომელი და წესიერი ადამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი, ამას სიკვდილიც მირჩევნია, ამიტომაც ვარ აქ!

აქ ვარ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი დავრჩე და ამით ჩემი წვლილი შევიტანო რეჟიმის დამარცხებაში, ჩემი წვლილი შევიტანო ქართველი ხალხის ბრძოლაში, სიღატაკის, კორუფციის, უსამართლობის ნგრევის წინააღმდეგ. ქართველ ხალხთან ერთად წინ აღვუდგე ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც ჩვენს სამშობლოს პუტინის რუსეთში მიათრევს. ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ ეს და ყველამ ერთად საქართველო უნდა დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. ვაქციოთ დემოკრატიის, რეფორმების და განვითარების შუქურად. ისტორიას ჩავაბაროთ ის სიბნელე, სიღატაკე, უსამართლობა და ნგრევა, რომელიც ივანიშვილის ოცნებამ მოიტანა, ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ციხეში და თავისუფლებაზე მყოფნი. ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის არც პარტიული, არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა და ამისთვის ყველაზე საჭირო დღეს ერთიანობაა. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება, ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება ჩვენს საზოგადოებას მორალურად გაანადგურებს და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის. მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ. გვერდზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა, ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას არასდროს დაუყენებია პროგრესის გზაზე საკუთარი ქვეყანა, არასდროს შეუქმნია ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან. ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუღლზე და თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე. გვეყოფა მარცხი, ძირს ხელჩამოშვებულება და ნიჰილიზმი,“-  წერს მიხეილ სააკაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში