ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 პატიმარი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული - პენიტენციური სამსახური

15 ოქტომბერი 2021, 12:33 1030 ნახვა

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი პატიმრები საპატიმროს სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებული.

გუშინდელ ხანძართან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.

ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია ,,ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების.

ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორს სამსახურს. ასევე ინფორმირებულია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების და გარემოებების დადგენა მოხდება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში"- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში